ორი წელი სკრინინგის გარეშე – დღეს ონკოპაციენტი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ კიბოს დავამარცხებ!“ – ნათია დოლიძის ისტორია
„თითქმის ყოველ წელს დავდიოდი სკრინინგზე, მაგრამ ბოლო ორი წელი აღარ მივედი. დღეს ექიმები მეუბნებიან, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ჩემი დაავადება.“
ნათია დოლიძე ონკოპაციენტია. ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ უკვე ოთხი თვეა იცის. ეს ამბავი მისთვის ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპად იქცა – პერიოდად, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, გადააფასა და კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე.
ნათია საკუთარ ისტორიას გულწრფელად გვიზიარებს. არა იმისთვის, რომ სხვა ქალებში შიში დათესოს, არამედ იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა მთავარი დასკვნა გამოიტანოს: ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ.
დიაგნოზი, რომელმაც ცხოვრება გადააფასა
ონკოლოგიური დიაგნოზის მოსმენა ადამიანისთვის ხშირად მძიმე ემოციური დარტყმაა. ჩნდება შიში, გაურკვევლობა და უამრავი უპასუხო კითხვა: „რატომ მე?“.
ნათიასთვის ეს განცდა განსხვავებული აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ დიაგნოზის მიღებასთან დაკავშირებულ სტრესს შედარებით მარტივად გაუმკლავდა. მისთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ უსიამოვნო რეალობის წინაშე დადგომა – ეს გახდა ცხოვრების ხელახლა გააზრების შესაძლებლობა.
„ამ დიაგნოზმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. გადატრიალება მოხდა გონებაში, თითქოს ხელახლა დავიბადე,“ – იხსენებს ნათია.
მან შეძლო ყოველდღიური რუტინის მიღმა დაენახა ის, რასაც მანამდე ყურადღებას ნაკლებად აქცევდა: გააკეთა ის, რასაც მუდმივად სამომავლოდ დებდა, და სხვაგვარად შეაფასა დრო, ურთიერთობები და საკუთარი სურვილები. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ დაავადებას აუცილებლად დაამარცხებს. მის სიტყვებში იგრძნობა არა პრობლემის უარყოფა, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება – დიაგნოზმა არ განსაზღვროს მისი მომავალი.
„ჩემს შემთხვევაში დავაგვიანე!“ – გამოცდილება, როგორც გაფრთხილება
ნათიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მომენტი მის პირად გამოცდილებას უკავშირდება. ის წლების განმავლობაში რეგულარულად იტარებდა სკრინინგულ გამოკვლევებს. წინა წლებში მიღებული კარგი პასუხები ამშვიდებდა, რის გამოც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოწმებაზე აღარ მისულა.
„ჩემს შემთხვევაში შეიძლება ითქვას – დავაგვიანე! თითქმის ყოველ წელს დავდიოდი სკრინინგზე და ბოლო ორი წელი რატომღაც, ალბათ იმიტომ, რომ სულ კარგი პასუხები მქონდა, აღარ წავედი,“ – ამბობს იგი.
დღეს ექიმები მიიჩნევენ, რომ დაავადება სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ძუძუს კიბო მეორე სტადიაზე აღმოაჩინეს. ეს გამოცდილება ნათიასთვის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი გახდა: წინა წლებში მიღებული კარგი პასუხი არ ნიშნავს, რომ მომდევნო გამოკვლევა აღარ გვჭირდება.
სკრინინგი ერთჯერადი აქტი არ არის. აუცილებელია რეკომენდებული პერიოდულობის დაცვა. ექიმის რჩევით, ასაკისა და ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით, შესაძლოა დამატებითი კვლევებიც გახდეს საჭირო.
პირადი გამოცდილება – სხვა ქალების დასახმარებლად
ნათიას ახლა საკუთარი გამოცდილება მნიშვნელოვან მისიადაც აქვს ქცეული. მას სურს, რაც შეიძლება მეტმა ქალმა გაიაზროს პრევენციის აუცილებლობა.
„საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი წლებია უფასოა. ყველა ქალბატონს მოვუწოდებ, აუცილებლად ჩაიტარონ გამოკვლევა და შეამოწმონ ჯანმრთელობა. ჩემ გარშემო უამრავი ახლობელი დავაჯერე, რომ მამოგრაფია გადაიღონ. ამაზე ჩემს ვიდეოებშიც აქტიურად ვლაპარაკობ.“
ნათიამ უკვე დაიწყო გაზეთ „კვირის პალიტრაში“ რუბრიკის – „ონკოპაციენტის ჩანაწერები“ – გამოქვეყნება, სადაც საკუთარ განცდებზე, დიაგნოზთან შეგუების პროცესსა და ახალ რეალობაზე საუბრობს.
გარდა ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობს საინფორმაციო ვიდეორგოლში, რომელიც მომზადდა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით. ვიდეორგოლის მიზანი სკრინინგის მნიშვნელობის პოპულარიზაციაა და იგი სოციალურ ქსელებსა და რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება.
რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო პროგრამის შესახებ?
საქართველოში მოქმედებს ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში 40-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქალებისთვის გამოკვლევები (მამოგრაფიული კვლევა) სრულიად უფასოა.
სკრინინგული კვლევები დაავადების ადრეულ, უსიპტომო ეტაპზე აღმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პათოლოგია, მით უფრო მაღალია სრული განკურნების შანსი.
„კიბო განაჩენი არ არის!“
„ვიცი, რომ კიბოს დიაგნოზის გაგება არავისთვის არის მარტივი და ეს დიდ შოკთანაა დაკავშირებული. თუმცა, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად პოზიტიურად იფიქრონ. კიბო განაჩენი არ არის! დროულად დასმული დიაგნოზი – ეს დროული განკურნებაა!“ – აცხადებს ნათია.
თანამედროვე მედიცინა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მრავალ ეფექტურ საშუალებას გვთავაზობს. ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას მკურნალობის შედეგები თითქმის 100%-ით წარმატებულია.
ნათია დოლიძის გზავნილი ყველა ქალისთვის ერთია: ნუ დაელოდებით სიმპტომებს, ნუ გადადებთ გამოკვლევას და ნუ მისცემთ შიშს უფლებას, ხელი შეგიშალოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
წადით სკრინინგზე, გადაამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა და გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე!
სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.
