რომელ მხარესაც არ უნდა იდგეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ სამედიცინო დაწესებულებას ადამიანი ხშირად მიმართავს შიშით, ტკივილით, გაურკვევლობით და იმ იმედით, რომ მის წინაშე მდგომი ექიმი მხოლოდ დაავადებას კი არა, მასაც დაინახავს – როგორც ადამიანს, როგორც დედას, როგორც შვილს, როგორც ოჯახის წევრს.
სწორედ ამიტომ შეიქმნა მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი – სივრცე, სადაც ექიმები და პაციენტები ერთ ენაზე საუბარს, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებასა და პატივისცემას შეეცდებიან! ჩვენი მიზანია, ჯანდაცვას შევხედოთ ადამიანური, პროფესიული და სამართლებრივი რაკურსით – ღიად, გულწრფელად და პასუხისმგებლობით. ვისაუბროთ პაციენტების რეალურ ისტორიებზე, ექიმების პროფესიულ გამოწვევებზე, თანამედროვე მედიცინაზე, სამედიცინო სამართალზე, პაციენტის უფლებებზე და იმ უხილავ ემოციურ შრომაზე, რომელიც ხშირად თეთრი ხალათის მიღმა შეუმჩნებელი რჩება.
ამ პოდკასტის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ემოციური და ღირსეული სტუმარი გახლდათ პროფესორი რეზო სულუხია – მეან-გინეკოლოგი, ვისთვისაც მედიცინა არ არის მხოლოდ პროფესია! მისთვის მედიცინა არის მსახურება, ადამიანის გვერდით დგომა მაშინ, როცა ის ყველაზე სუსტია და, რაც მთავარია, უპირობო სიყვარული პაციენტის მიმართ.
ექიმის გზის დასაწყისი
რეზო სულუხიას პროფესიული გზა შემთხვევითი არ ყოფილა. ის ექიმების ოჯახში გაიზარდა. მამაც ექიმი იყო, ძმაც. ბავშვობიდანვე საავადმყოფოს გარემოში ყოფნა უწევდა და, როგორც თავად ამბობს, ამან დიდი გავლენა მოახდინა მის არჩევანზე.
მაგრამ მისთვის ექიმობა არასდროს ყოფილა მხოლოდ პროფესიული სტატუსი. მისი განმარტებით, ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს, პირველ რიგში, კაცთმოყვარე უნდა იყოს.
„ექიმობა რთული პროფესიაა და ვინც მას ირჩევს, პირველ რიგში, კაცთმოყვარე უნდა იყოს. უნდა გიყვარდეს ადამიანი და გსიამოვნებდეს, რომ გაჭირვების ჟამს გვერდში დაუდგე. ავადმყოფს ისე უნდა მოექცე, როგორც შენს ახლობელს – დედას, დას, შვილს! ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, სხვანაირად ამ სფეროში არაფერი გამოვა!“ – ამბობს რეზო სულუხია.
ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ჯანდაცვის სისტემაში ხშირად ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, ახალ პროტოკოლებზე, აპარატურაზე, სამართლებრივ რისკებსა და სისტემურ პრობლემებზე, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება მთავარი – პაციენტს ყველაზე მეტად სჭირდება ექიმი, რომელიც მას მარტო არ დატოვებს.
მეან-გინეკოლოგიაში ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მძაფრია. აქ ექიმი მხოლოდ ერთ ადამიანს არ ემსახურება. მის ხელში ერთდროულად ორი სიცოცხლეა – დედის და ბავშვის. სწორედ ამიტომ ამ სფეროში პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნით არ იზომება. აქ საჭიროა სიმშვიდე, სიზუსტე, თანაგრძნობა, მტკიცე გადაწყვეტილება და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება.
პაციენტის ნდობა იწყება ექიმის სიტყვით
პაციენტსა და ექიმს შორის კომუნიკაცია დღეს ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. ხშირად პაციენტი სამედიცინო შეცდომაზე მეტად იმას ვერ პატიობს ექიმს, რომ მას არ მოუსმინეს, არ აუხსნეს, არ დაამშვიდეს, არ გააგებინეს, რა ხდებოდა მის თავს.
რეზო სულუხიას საუბარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ექიმის სიტყვას. მას სჯერა, რომ ზოგჯერ ექიმის მშვიდი საუბარი პაციენტისთვის პირველი წამალია.
„ბოტკინი ამბობდა: 8-წუთიანი საუბრის შემდეგ პაციენტმა შვება თუ ვერ იგრძნო, ცუდი ექიმი ხარ. რვა წუთში დიაგნოზს ვერ დასვამ და ვერც განკურნავ, მაგრამ პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ტკივილი გაითავისე.“
ეს არის ზუსტად ის სტანდარტი, რომლისკენაც თანამედროვე ჯანდაცვა უნდა მიდიოდეს. პაციენტის მოსმენა არ არის დროის დაკარგვა. პაციენტის მოსმენა არის დიაგნოსტიკის, ნდობის, ინფორმირებული თანხმობის და მკურნალობის პროცესის საფუძველი. რეზო სულუხიას შეხედულებით – პაციენტთან საუბრის დროს ყველაფერი მეორეხარისხოვანია – ტელეფონიც, სხვა საქმეებიც, პირადი პრობლემებიც. როცა პაციენტი გესაუბრება, ექიმის ყურადღება მთლიანად მისკენ უნდა იყოს მიმართული.
მისი დამოკიდებულება ჰიპოკრატეს ცნობილ აზრსაც ეხმიანება: არსებობს ექიმი, პაციენტი და დაავადება. გამარჯვება მაშინ იწყება, როცა პაციენტი ექიმის გვერდით დგება და ორივე ერთად ებრძვის დაავადებას. მაგრამ პაციენტი ექიმის გვერდით ვერ დადგება, თუ მას ექიმის არ სჯერა. ნდობა კი იწყება გულწრფელი, ადამიანური და პასუხისმგებლიანი კომუნიკაციით.
„სირთულეები არ უნდა დაუმალო, მაგრამ იმედი აუცილებლად უნდა მისცე. პაციენტს უნდა დაანახო, რომ მთელი კლინიკა მის გვერდითაა.“
ამ ერთ წინადადებაში თავმოყრილია პაციენტთან კომუნიკაციის ოქროს წესი: სიმართლე შიშის გარეშე და იმედი სიცრუის გარეშე.
ფიზიოლოგიური მშობიარობის შიში და ექიმის პასუხისმგებლობა
საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საკეისრო კვეთების ზრდა და ის შიში, რის გამოც ბევრი ქალი ფიზიოლოგიურ მშობიარობას გაურბის.
ორსულობა ქალისთვის მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არ არის. ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა, სადაც ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება შიშად, უნდობლობად და ტრავმად იქცეს. ამიტომ, ორსულთან კომუნიკაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
რეზო სულუხია ამბობს, რომ მათ კლინიკაში ფუნქციონირებს „მშობელთა სკოლა“, სადაც ორსულები მეუღლეებთან ერთად მიდიან. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან მშობიარობა მხოლოდ ქალის ფიზიკური გამოცდილება არ არის – ეს ოჯახური, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე პროცესია.
„პაციენტს ვუხსნით, რომ მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია. რაც ნაკლებად ჩავერევით ფიზიოლოგიაში, დედისთვისაც და ბავშვისთვისაც უკეთესია. საკეისრო კვეთა ინვაზიური ჩარევაა და გართულების რისკი ბევრად მაღალია. რა თქმა უნდა, როცა ჩვენება არსებობს და რესურსი ამოწურულია, საკეისრო აუცილებელია, თუმცა უმიზეზოდ მისი გაკეთება, უბრალოდ შიშის გამო, გაუმართლებელია.“
ამ სიტყვებში არ არის პაციენტის არჩევანის უარყოფა. პირიქით – აქ ჩანს ექიმის პასუხისმგებლობა, აუხსნას, დაამშვიდოს, სწორად მიაწოდოს ინფორმაცია და ქალს გააკეთებინოს არა შიშზე, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანი.
ინფორმირებული თანხმობა მხოლოდ ხელმოწერა არ არის. ეს არის პროცესი, სადაც პაციენტმა უნდა გაიგოს, რა რისკები არსებობს, რა ალტერნატივებია და რატომ სთავაზობს ექიმი კონკრეტულ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით მეანობაში, სადაც გადაწყვეტილება დედასა და ბავშვის ჯანმრთელობას ერთდროულად ეხება.
მედიცინის სასწაული და ყოველდღიური ბრძოლა 550-გრამიანი ახალშობილის გამოზრდისთვის!
რეზო სულუხიას კლინიკაში ხშირად ხვდებიან უმძიმესი პაციენტები. მისი მონათხრობი 550-გრამიანი ახალშობილის გადარჩენაზე თითქოს თანამედროვე მედიცინის უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოა, მაგრამ სინამდვილეში ეს ამბავი მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე არ გვიყვება. ის გვიყვება მოთმინებაზე, გუნდურობაზე, მშობლების ყოველდღიურ მხარდაჭერაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება.
„ვამაყობ ჩვენი ახალშობილთა რეანიმაციით. გამოგვიზრდია 550-გრამიანი ახალშობილიც. 27 თებერვალს, ზამთრის ბოლოს, გავუკეთეთ საკეისრო კვეთა დედის მაღალი წნევების გამო და ბავშვი კლინიკიდან დეკემბერში გაეწერა. მშობლებს ყოველდღიურად ვუხსნიდით რისკებს.“
ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, რომ ექიმის საქმე ოპერაციით არ მთავრდება. ზოგჯერ ყველაზე რთული პერიოდი იწყება სწორედ ოპერაციის შემდეგ – მშობლის შიშის მართვა, ყოველდღიური სწორი კომუნიკაცია, იმედის შენარჩუნება, რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ პატარა სიცოცხლისთვის ბრძოლა, რომელსაც სამედიცინო პერსონალი გამუდმებით დარაჯობს.
როცა 550-გრამიანი ახალშობილი თვეების შემდეგ კლინიკიდან ეწერება, ეს მხოლოდ სამედიცინო შედეგი არ არის. ეს არის ექიმების, ექთნების, რეანიმატოლოგების, მშობლების და მთელი სისტემის ერთობლივი გამარჯვება. ეს არის პასუხი კითხვაზე – რატომ ირჩევს ადამიანი ასეთ მძიმე პროფესიას.
გადარჩენილი სიცოცხლე, რომელმაც 18 წლის შემდეგ მადლობის სათქმელად დარეკა
მედიცინაში არის ისტორიები, რომლებიც ექიმის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. რეზო სულუხიას ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება ორსულ ქალს, რომელსაც საშვილოსნოზე უზარმაზარი სიმსივნე ჰქონდა და მხოლოდ 5 კვირის ორსული იყო. სხვაგან ეუბნებოდნენ, რომ ნაყოფს ვერ მიიტანდა და აბორტს ურჩევდნენ.
რეზო სულუხიამ და მისმა გუნდმა სხვა გზა აირჩიეს – ბრძოლა ორივე სიცოცხლისთვის.
„ჩვენ ორსული მივიყვანეთ 35 კვირამდე, გავაკეთეთ საკეისრო კვეთაც და სიმსივნეც მოვაშორეთ. 18 წლის შემდეგ იმ ბავშვმა პირადად დამირეკა დაბადების დღეზე, მომილოცა და გადარჩენისთვის მადლობა გადამიხადა. ეს აუნაზღაურებელი ბედნიერებაა.“
ამ ამბავში არის ყველაფერი, რის გამოც მედიცინა ყველაზე ადამიანურ პროფესიად რჩება. 18 წლის შემდეგ გაკეთებული ზარი მხოლოდ მადლობა არ არის. ეს არის ექიმისთვის გადარჩენილი სიცოცხლის ხმა. ხმა იმ ადამიანისგან, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ არ დაბადებულიყო. ხმა, რომელიც ექიმს ახსენებს, რომ მისი პროფესია მხოლოდ დღევანდელი მორიგეობა არ არის – მისი გადაწყვეტილებები ცვლის ადამიანების ბედს.
ექიმის ნამდვილი ჯილდო ყოველთვის არც სტატუსია, არც ტიტული, არც აპლოდისმენტები. ზოგჯერ ეს არის ერთი სატელეფონო ზარი წლების შემდეგ. ერთი მადლობა. ერთი გადარჩენილი ადამიანი, რომელიც გეუბნება: „მე დღეს ვცოცხლობ, რადგან თქვენ მაშინ არ დანებდით.“
უმადურობა, სიკეთე და ექიმის სინდისი
საუბარში ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური თემა იყო უმადურობა. ექიმის პროფესია ზოგჯერ პარადოქსულია: ექიმი იბრძვის, უძილო ღამეებს ათენებს, რთულ გადაწყვეტილებებს იღებს, ემოციურად იწვება, მაგრამ ყოველთვის არ იღებს მადლიერებას. ზოგჯერ იღებს ბრაზს, პრეტენზიას, საყვედურსაც კი.
რეზო სულუხია ამ თემაზე განსაკუთრებული სიმშვიდით საუბრობს.
„უმადური კაცი არ უნდა იყო, ეს დიდი ცოდვაა. მაგრამ ექიმმა მადლიერებას არ უნდა უყუროს. პატრიარქს აქვს ნათქვამი: შეიძლება კაცს პური მიაწოდო და ქვა გესროლოსო. შენ უნდა გააკეთო ის, რაც გევალება.“
ეს არ არის ემოციის უარყოფა. ეს არის პროფესიული სიმწიფე. ექიმიც ადამიანია. მასაც სტკივა უსამართლობა. მასაც სჭირდება დაფასება. მაგრამ რეზო სულუხიას ფილოსოფიაში ექიმის მთავარი საზომი პაციენტის მადლიერება კი არა, საკუთარი სინდისია.
„მე ახალ თაობას ყოველთვის ვეუბნები: სიკეთე გაუკეთე და დაივიწყე, შენ თუ გაგიკეთეს სიკეთე – დაიმახსოვრე. საღამოს სახლში რომ მიხვალ, შენს სინდისთან უნდა იყო მართალი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრება ბუმერანგივითაა.“
ეს სიტყვები მხოლოდ ექიმებისთვის არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრებისეული კოდექსი. სიკეთის გაკეთება ანგარების გარეშე. პროფესიული მოვალების შესრულება შექების მოლოდინის გარეშე. და საღამოს, სახლში დაბრუნებისას, საკუთარ თავთან მშვიდად დარჩენა. ჯანდაცვის სისტემაში, სადაც ხშირად იურიდიული დავები, საჩივრები, გაუგებრობები და ემოციური დაპირისპირებები ჩნდება, სწორედ ეს სინდისის ხმა არის ის შინაგანი სტანდარტი, რომელსაც ვერცერთი კანონი ვერ ჩაანაცვლებს.
ყველაზე მძიმე ლაქა თეთრ ხალათზე
როდესაც ექიმის თეთრ ხალათზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება სისუფთავე, პროფესიონალიზმი, ღირსება. მაგრამ არის უხილავი ლაქები, რომლებიც გარედან არ ჩანს და ყველაზე მძიმედ სწორედ ისინი აწვება პროფესიას.
კითხვაზე, რა არის ის „შავი ლაქა“ ექიმის თეთრ ხალათზე, რასაც კოლეგას ვერასდროს აპატიებდა, რეზო სულუხია უყოყმანოდ პასუხობს:
„გულგრილობა და ამპარტავნება. გულგრილობა უდიდესი ცოდვაა. საექიმო სფეროში და, მით უმეტეს, მეანობაში გულგრილობა დაუშვებელია.“
ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი სამედიცინო საზოგადოებისთვის. ექიმს შეიძლება შეხვდეს რთული შემთხვევა. შეიძლება დასჭირდეს კოლეგის დახმარება. შეიძლება არ იცოდეს ყველაფერი. მაგრამ არ აქვს უფლება, იყოს გულგრილი.
რეზო სულუხია ამბობს, რომ თუ რამე არ შეგიძლია, არ უნდა შეგრცხვეს გამოცდილი კოლეგის მოწვევის – იქნება ეს უროლოგი, ანგიოქირურგი თუ სხვა სპეციალისტი. მედიცინაში ამპარტავნებას ადგილი არ აქვს. ექიმის ძალა იმაში კი არ არის, რომ ყველაფერი მარტო შეძლოს, არამედ იმაში, რომ პაციენტის ინტერესისთვის სწორი დახმარება დროულად მოიხმოს.
„უცხო, გაჭირვებულ პაციენტს ისე უნდა მოექცე, როგორც საკუთარ დედას, დას და შვილს. ვისაც პატრონი არ ჰყავს, იმას ყველაზე მეტი სითბო და ყურადღება სჭირდება.“
ეს წინადადება რეზო სულუხიას პროფესიულ პორტრეტს ყველაზე მკაფიოდ ხატავს. მისთვის პაციენტი არასდროს არის „შემთხვევა“, „ისტორია“ ან „დიაგნოზი“. პაციენტი არის ვიღაცის დედა, შვილი, და, მეუღლე – და ზოგჯერ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არავინ ჰყავს. სწორედ ასეთ დროს ვლინდება ექიმის ნამდვილი სახე.
ოჯახი, შვილები, მეგობრები – ის სივრცე, საიდანაც ექიმი ძალას იღებს
ექიმის ემოციურ გამძლეობაზე იშვიათად ვსაუბრობთ. საზოგადოება ექიმისგან ხშირად ითხოვს უშეცდომობას, სიმტკიცეს, 24-საათიან მზაობას, მაგრამ ნაკლებად კითხულობს – საიდან იღებს ეს ადამიანი ძალას?
რეზო სულუხიას პასუხი ამ კითხვაზე ძალიან ადამიანურია: ოჯახი, ტრადიციები, მეგობრები, მოგზაურობა და ის სიხარული, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნება გიხარია.
„სამსახურიდან ოჯახში დაბრუნება უნდა გიხაროდეს.“
მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია კარგად ჩანს ალექსანდრე მაკედონელის მაგალითშიც, რომელსაც იხსენებს: კუბოდან ხელები გადმომიყარეთ, ყველამ ნახოს, რომ იქით არაფერი მიმაქვსო. რეზო სულუხიასთვის ცხოვრება მოკლეა და სწორედ ამიტომ სჭირდება ადამიანს ბალანსი. ექიმი, რომელიც ყოველდღე ტკივილს, შიშს, სისხლს, დაბადებას, სიკვდილს და ურთულეს გადაწყვეტილებებს უყურებს, უნდა ახერხებდეს საკუთარი ადამიანური საყრდენების შენარჩუნებას.
„ოჯახი, ტრადიციები, მეგობრებთან ერთად დასვენება და მოგზაურობა აუცილებელია. როგორი დატვირთულიც არ უნდა ვყოფილიყავი შვილები სკოლაში მაინც მიმყავდა. ამ ბალანსის დაცვას ყოველთვის ვახერხებ – ოჯახთან ურთიერთობა და მეგობრებთან ურთიერთობა მაძლევს ენერგიას, რომ მეორე დღეს ისევ პაციენტების გვერდით ვიდგე.“
ეს სიტყვები კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმართლეს გვახსენებს: კარგი ექიმი მხოლოდ კლინიკაში არ ყალიბდება. მას აყალიბებს ოჯახი, ურთიერთობები, მეგობრობა, შვილების სიყვარული, შინაგანი წესრიგი და ის ღირებულებები, რომლებსაც სახლში ატარებს. რეზო სულუხიას პორტრეტში პროფესიონალი და ოჯახის კაცი ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. პირიქით – მისი ოჯახური ერთგულება, შვილებისადმი დამოკიდებულება და მეგობრების მნიშვნელობა იმავე ადამიანურ წყაროს უკავშირდება, საიდანაც მისი პაციენტებისადმი სითბო მოდის.
ექიმის პროფესია, როგორც ყოველდღიური გამოცდა
რეზო სულუხიასთან საუბრისას ცხადი ხდება, რომ ექიმობა მისთვის ყოველდღიური გამოცდაა – ცოდნის, ხასიათის, სინდისის, თავმდაბლობის და სიყვარულის გამოცდა.
მედიცინა დღეს სწრაფად ვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ ის სიცოცხლეებიც კი, რომლებიც ადრე თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. 550-გრამიანი ახალშობილის გადარჩენა ამის ნათელი მაგალითია. მაგრამ ტექნოლოგიურ ეპოქაშიც მთავარი სამკურნალო ძალა მაინც ექიმის ადამიანურობაში რჩება.
სკალპელი შეიძლება ზუსტად ჭრიდეს, აპარატურა შეიძლება მაღალი კლასის იყოს, პროტოკოლი შეიძლება სრულად შესრულდეს, მაგრამ თუ ექიმს პაციენტის ტკივილი არ ესმის, თუ მის ხმაში გულგრილობაა, თუ მის თვალებში ამპარტავნებაა – პაციენტი თავს დაცულად ვერ იგრძნობს.
სწორედ ამიტომ რეზო სულუხიას სიტყვები მხოლოდ ერთი ექიმის პირადი გამოცდილება არ არის. ეს არის გზავნილი მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის: პროფესიონალიზმი იწყება ცოდნით, მაგრამ სრულდება ადამიანობით.
ექიმები და პაციენტები ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ
მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის მთავარი მისიაა, ექიმებსა და პაციენტებს შორის გაჩნდეს ხიდი – ნდობის, კომუნიკაციის, სამართლებრივი ცნობიერების და ურთიერთპატივისცემის ხიდი.
პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, მაგრამ ასევე უნდა ესმოდეს ექიმის პროფესიული სირთულეები. ექიმმა უნდა იცოდეს სამართლებრივი სტანდარტები, მაგრამ ასევე უნდა ახსოვდეს, რომ პაციენტის ისტორია მხოლოდ სწორად შევსებულ- ხელმოსაწერ დოკუმენტებზე მეტია! ორივე მხარეს სჭირდება ერთი ენა – ადამიანური, ზუსტი, მშვიდი და პატიოსანი კომუნიკაციის ენა.
რეზო სულუხიას მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია, იყო მაღალი დონის პროფესიონალი და, ამავე დროს, ძალიან ადამიანური. შესაძლებელია ურთულესი ოპერაციების ჩატარება და პაციენტთან რბილი, მშვიდი, თანაგრძნობით სავსე საუბარი. შესაძლებელია იყო ავტორიტეტი და მაინც არ დაკარგო თავმდაბლობა. შესაძლებელია, ათწლეულების გამოცდილების შემდეგაც გჯეროდეს, რომ ექიმის მთავარი ძალა სიყვარულია.
როცა თეთრი ხალათი ლაქების გარეშე და უფლის შემწეობა პროფესიაში
პროფესორ რეზო სულუხიასთან საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნამდვილი მედიცინა იწყება იქ, სადაც ექიმის ეგო მთავრდება და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული იწყება.
ეს არის მედიცინა, სადაც ორსული ქალი მხოლოდ პაციენტი არ არის – ის დედაა, რომელიც შიშს, იმედს და ახალ სიცოცხლე ატარებს. სადაც ახალშობილი მხოლოდ გრამებში არ იზომება – ის მომავალია, რომლისთვისაც მთელი გუნდი იბრძვის. სადაც ექიმის სიტყვა შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც წამალი. სადაც გულგრილობა უდიდესი ცოდვაა. სადაც ამპარტავნება სიცოცხლისთვის საფრთხეა. სადაც ექიმი საღამოს სახლში მიდის და საკუთარ სინდისს უნდა გაუსწოროს თვალი.
რეზო სულუხიას პროფესიული პორტრეტი არის ექიმის სახე, რომელიც პაციენტს ისე უყურებს, როგორც საკუთარ ახლობელს; რომელიც მადლიერებას არ ელოდება, მაგრამ სიკეთეს არ წყვეტს. რომელიც ღამენათევი და გადაქანცული კლინიკიდან გამორბის, რომ შვილები სკოლაში წაიყავნოს! რომელიც მეგობრობით, ოჯახით და ტრადიციებით იღებს ძალას, რომ მეორე დღეს ისევ ორი სიცოცხლის სადარაჯოზე დადგეს.
და ალბათ სწორედ ასეთ ექიმებზე დგას ნდობა ჯანდაცვაში.
რეზო სულუხიასთვის ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნა და ტექნიკური ოსტატობა არ არის. ის გულწრფელად ამბობს, რომ მედიცინაში გამოცდილებას, განსწავლულობასა და ხასიათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის კიდევ ერთი უხილავი ძალა, რომელიც რთულ მომენტში ექიმის შემწეა.
„იღბალი და უფლის დახმარება აუცილებელია, რასაკვირველია. მე ცნობილი ქირურგები მინახავს – ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ იღბალი არ ჰქონდათ. შეიძლება ექიმი ძალიან კარგად განსწავლული იყოს, ყველაფერს იდეალურად და ზედმიწევნით აკეთებდეს, მაგრამ ოპერაცია მაინც ურთულდებოდეს. ცოდნას და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ძირითადი, მთავარი, მაგრამ რთულ სიტუაციაში ზოგი ტყდება. ასეთ დროს პირველ რიგში უნდა გქონდეს ღმერთის იმედი!“ – ამბობს რეზო სულუხია.
ეს სიტყვები ძალიან ზუსტად ხსნის ნამდვილი ექიმის შინაგან სამყაროს. ექიმი არ არის ყოვლისშემძლე. ის არის ადამიანი, რომელიც ცოდნით, გამოცდილებით, სიმშვიდითა და პასუხისმგებლობით იბრძვის სიცოცხლისთვის, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთებში მაინც გრძნობს, რომ მხოლოდ პროფესიული ოსტატობა არ კმარა. იქ, სადაც წუთებში წყდება ადამიანის ბედი, სადაც დედისა და ბავშვის სიცოცხლე ერთდროულად დევს სასწორზე, ექიმს სჭირდება არა მხოლოდ ძლიერი ხელი, არამედ ძლიერი ხასიათი, საკუთარი თავის რწმენა და ღმერთის იმედი.
მოამზადა მეგი საჯაიამ


