ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

ექიმი თუ პაციენტი – ვინ არის მსხვერპლი ქართულ სამედიცინო ბიზნესში და რატომ იხდის ქართველი პაციენტი საზღვარგარეთ იმ კომუნიკაციაში, რომელიც მკურნალობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს?

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა თავიდანვე არათანაბარ ემოციურ მდგომარეობაში იწყება: ერთი ადამიანი სამედიცინო დახმარებას შიშით, ტკივილითა და გაურკვევლობით ითხოვს, მეორე კი მისთვის ცოდნის, ავტორიტეტისა და ხშირად – გადარჩენის იმედის მატარებელია.

სწორედ ამიტომ ექიმის თითოეულ სიტყვას, ჟესტს, მზერას და დუმილსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პაციენტი ექიმის კაბინეტში მხოლოდ დიაგნოზისა და დანიშნულების მისაღებად არ შედის – მას სურს, დაინახონ, მოუსმინონ, აუხსნან და აგრძნობინონ, რომ მის ჯანმრთელობაზე ნამდვილად ზრუნავენ.

რატომ იქცევა ექიმი პაციენტის თვალში ხან ღმერთად, ხან კი მტრად? რატომ მიდიან ქართველი პაციენტები თურქეთში მაშინაც, როდესაც საქართველოში იმავე მედიკამენტებითა და არანაკლები კვალიფიკაციის ექიმებთან მკურნალობა შეუძლიათ? რატომ ჰყავს ზოგჯერ კომუნიკაბელურ, თუმცა ნაკლებად გამოცდილ ექიმს უფრო მეტი პაციენტი, ვიდრე მაღალი დონის პროფესიონალს? როგორ უნდა მართოს ექიმმა რთული პაციენტი ისე, რომ თავად არ გადაიწვას?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის“ სტუმარი, ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს.

– ბატონო ზურა, რატომ ხდება ხშირად, რომ პაციენტისთვის ექიმი ან ღმერთია, ან – ერთი შეცდომისა და წყენის შემდეგ – მტერი? რატომ გვიჭირს იმის მიღება, რომ ექიმიც ადამიანია?

– პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის პრობლემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ჯანმრთელობის გაუარესება ადამიანისთვის განგაშს ნიშნავს, განგაში კი შფოთვას იწვევს.

შეიძლება თავად პაციენტი შედარებით მშვიდად იყოს, მაგრამ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაცილებით ძლიერ შფოთვას განიცდიდნენ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.

სწორედ ამ დროს იწყება ექიმის პროფესიული ხელოვნება. ექიმი ამ ურთიერთობაში პროფესიული მოვალეობის შემსრულებელია, პაციენტი კი მას დახმარებისთვის მიმართავს და მომსახურებაში თანხას იხდის. ამიტომ რთული კომუნიკაციის მართვის თვალსაზრისით მეტი პასუხისმგებლობა პროფესიონალს ეკისრება.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, ყველა პაციენტი მშვიდი, ინფორმირებული და გაგებით სავსე იყოს, მაგრამ ეს რეალისტური მოლოდინი არ არის. ექიმი უნდა იყოს მზად იმისთვისაც, რომ მის წინ დაბნეული, შეშინებული, გაღიზიანებული ან აგრესიული ადამიანი აღმოჩნდება.

– თეთრი ხალათი ექიმს გარკვეულ ძალაუფლებას ანიჭებს?

– როდესაც ადამიანი ექიმთან შედის, მისი სოციალური სტატუსი უკანა პლანზე გადადის. მნიშვნელობა აღარ აქვს, პაციენტი მინისტრია, ბიზნესმენია თუ რიგითი მოქალაქე – ამ დროს ის მოწყვლადია, ექიმი კი მისთვის ავტორიტეტული ფიგურა ხდება.

თეთრი ხალათი ზოგიერთ ადამიანს უპირატესობის განცდასაც უჩენს. სწორედ აქ შეიძლება წარმოიშვას პოზა და დამოკიდებულება: „მე ვიცი, შენ კი უნდა მომისმინო“.

ძველ პატერნალისტურ მოდელში ექიმი უპირატესი იყო. ის იღებდა გადაწყვეტილებას და ხშირად არც განმარტავდა, რატომ აკეთებდა ამას. თანამედროვე მიდგომა კი თანამშრომლობას ეფუძნება. ექიმი და პაციენტი მკურნალობის პროცესის პარტნიორები უნდა გახდნენ.

მაგრამ იმისათვის, რომ თანამშრომლობა შედგეს, პაციენტმა უნდა გაიგოს, რა სჭირს, რას სთავაზობენ, რატომ სთავაზობენ და რა შედეგია მოსალოდნელი.

_ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა?

_ ეს ექიმის პროფესიული მოვალეობის ნაწილია. პაციენტისთვის გაუგებარი ტერმინების გამოყენება ზოგჯერ ცოდნის კი არა, უპირატესობის დემონსტრირებად აღიქმება: „მე შენზე მეტი ვიცი“.

მაგრამ ცოდნის ნამდვილი მაჩვენებელი ის არის, შეგიძლია თუ არა რთული საკითხის გასაგებად ახსნა. როდესაც პაციენტი ექიმის კაბინეტიდან გამოდის და ვერ გაიგო, რა უთხრეს, რა უნდა გააკეთოს ან რატომ არის საჭირო კონკრეტული გამოკვლევა, თანამშრომლობა ვერ შედგება.

გაუგებრობა შფოთვას აძლიერებს. შემდეგ ადამიანი ინტერნეტში იწყებს ინფორმაციის მოძიებას, სადაც უამრავ ურთიერთგამომრიცხავ პასუხს პოულობს. შედეგად, ის ინფორმირებული კი არ ხდება, არამედ კიდევ უფრო იბნევა.

ექიმის ინტერესშიც შედის, რომ პაციენტმა სწორად გაიგოს მიღებული ინფორმაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას რეკომენდაციების შესრულება და მკურნალობის პროცესში გააზრებულად მონაწილეობა.

_ პაციენტი ხშირად რამდენიმე ექიმთან მიდის და ყველასგან განსხვავებულ მოსაზრებას ისმენს. რას ურჩევდით ასეთ ადამიანს?

_ პაციენტს მეორე აზრის მიღების უფლება აქვს, მაგრამ მუდმივი გადამოწმება და ყველა ექიმის გადაწყვეტილების ხელახალი „რევიზია“ შეიძლება დამატებითი დაბნეულობის მიზეზი გახდეს.

ერთ ექიმთან მიდიხარ – ერთს გეუბნება, მეორესთან – მეორეს, მესამე კი ორივეს აკრიტიკებს. საბოლოოდ პაციენტმა აღარ იცის, ვის ენდოს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შეარჩიოს ექიმი, რომელსაც ენდობა, და მკურნალობის გზას მასთან ერთად გაჰყვეს. ნდობა მხოლოდ დიპლომითა და სამეცნიერო ხარისხით არ ყალიბდება. პაციენტი აფასებს იმასაც, რამდენად ადამიანურად ესაუბრებიან, უსმენენ თუ არა და შეუძლია თუ არა თავისუფლად კითხვის დასმა.

_ ექიმების მიერ ერთმანეთის პროფესიული კრიტიკა რამდენად აზიანებს პაციენტის ნდობას?

_  ძალიან აზიანებს. როდესაც ერთი ექიმი პაციენტთან მეორე ექიმზე ამბობს: „რატომ გაგიკეთა ეს?“, „რატომ დაგინიშნა?“, „არასწორად გიმკურნალა“, პაციენტი მთლიანად სამედიცინო სისტემის მიმართ კარგავს ნდობას.

სამწუხაროდ, ექიმები ხშირად ერთმანეთს კოლეგად კი არა, კონკურენტად აღიქვამენ. პაციენტიც ზოგჯერ შემოსავლის წყაროდ განიხილება: თუ მეტი პაციენტი მყავს, მეტი შემოსავალი მაქვს; თუ ჩემი პაციენტი სხვა ექიმთან წავიდა, თითქოს რაღაც წამართვეს.

ამ ყველაფერს პაციენტი გრძნობს.

არაჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ კონკრეტულ ექიმს არ აზიანებს – ის მთელ სამედიცინო საზოგადოებას აზარალებს. თუ ექიმები ერთმანეთს მუდმივად აუფასურებენ, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა ენდოს.

პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნა არ არის. პროფესიონალიზმია ეთიკა, პასუხისმგებლობა და იმის გაცნობიერება, რომ კოლეგის უსაფუძვლო დისკრედიტაციით საბოლოოდ საკუთარ პროფესიას აზიანებ.

– ფარმაცევტული ბიზნესის გავლენაც ხომ არ აძლიერებს ექიმების მიმართ უნდობლობას?

_ როდესაც პაციენტს უჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტული პრეპარატი სამედიცინო საჭიროების გამო კი არა, კომერციული ინტერესის საფუძველზე დაენიშნა, ნდობა ირღვევა.

ზოგჯერ თავად ექიმებისგანაც ისმის ისეთი ისტორიები, როდესაც ფორმალურად გამოწერილი მედიკამენტის შეძენას პაციენტს რეალურად არ ურჩევენ. ასეთი შემთხვევები მთელ სისტემას აზიანებს.

პაციენტი მკურნალობის პროცესში დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუ ურთიერთობაში კომერციული ინტერესი უფრო თვალსაჩინო ხდება, ვიდრე ზრუნვა, ექიმისა და პაციენტის პარტნიორობა ვეღარ შედგება.

_ ხშირად ამბობენ, რომ კარგი ექიმისთვის კომუნიკაცია მეორეხარისხოვანია _ მთავარია, სწორი დიაგნოზი დასვას და სწორად უმკურნალოს. ეთანხმებით?

_ არა. კომუნიკაცია მკურნალობისგან განცალკევებული პროცესი არ არის. ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანში გარკვეულ ემოციას იწვევს. ნულოვანი ემოცია ნულოვან გავლენას ნიშნავს. თუ ექიმი პაციენტში ნდობასა და სიმშვიდეს წარმოშობს, ეს დადებითი გავლენაა. თუ შიშს, ბრაზს და დამცირების განცდას უტოვებს – გავლენა უარყოფითია.

ექიმებმა კარგად იციან, რომ ემოციებს ფიზიოლოგიური პროცესები ახლავს. შფოთვა, სტრესი და აგრესია ორგანიზმის მდგომარეობაზე მოქმედებს. შესაბამისად, ექიმის სიტყვასაც აქვს მნიშვნელობა.

_ პაციენტი ექიმთან ბედნიერი და სრულიად მშვიდი არ მიდის. მას უკვე აქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა ან ბრაზი. თუ ექიმი ამ მდგომარეობას პირად შეურაცხყოფად მიიღებს, დაუპირისპირდება და ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქცევს, პაციენტის ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება?

_ რასაკვირველია! ეს გავლენას ახდენს ნდობაზე, რეკომენდაციების შესრულებასა და მკურნალობისადმი დამყოლობაზე. ამიტომ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფა არაპროფესიონალური მიდგომაა.

სიტყვას შეუძლია ადამიანის მხარდაჭერა, მაგრამ არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიური ზიანიც მიაყენოს პაციენტს.

_ როგორ უნდა მართოს ექიმმა გაღიზიანებული ან აგრესიული პაციენტი ისე, რომ თავად არ გადაიწვას?

_ ექიმმა პაციენტის აგრესია პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს. ეს რთულია, მაგრამ პროფესიული მართვის ნაწილია.  თუ ექიმი ფიქრობს: „მე ეს ადამიანი უნდა მოვითმინო“, მოთმინება მას ენერგიას ართმევს. აგრესიული იმპულსის შეკავებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება, რასაც გადაღლა და ემოციური გადაწვა მოჰყვება.

სხვა დამოკიდებულებაა, როდესაც ექიმი ფიქრობს: „მე უნდა ვმართო ეს სიტუაცია“. ამ შემთხვევაში რთული კომუნიკაცია მხოლოდ მოსათმენი ტვირთი აღარ არის – ის პროფესიულ ამოცანად იქცევა.

ეს შეიძლება ჭადრაკის თამაშს შევადაროთ: ძლიერი მოთამაშისთვის რთული მოწინააღმდეგე უფრო საინტერესოა, რადგან მას განვითარების შესაძლებლობას აძლევს. თუ ექიმი რთულ პაციენტთან ურთიერთობას პროფესიული უნარის გამოცდად შეხედავს, შეიძლება დაიღალოს, მაგრამ აღარ დარჩეს შინაგანად დანგრეული და შეურაცხყოფილი.

მართვა არ ნიშნავს ყველაფრის მოთმენას. ექიმსაც აქვს ღირსება და საზღვრები. თუმცა მისი ამოცანაა, პაციენტის შფოთვა ავტომატურად საკუთარ წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად არ აღიქვას.

_  რას ელოდება პაციენტი ექიმისგან, გარდა დიაგნოზისა და მკურნალობისა?

_ ორ ძირითად განცდას: აღიარებასა და ზრუნვას. პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მას ხედავენ, უსმენენ და მის პრობლემას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ეს განცდა პირველივე მისალმებიდან იქმნება: როგორ შეხვდა ექიმი, შესთავაზა თუ არა დაჯდომა, მოუსმინა თუ არა ყურადღებით, შეხედა თუ არა თვალებში.

ადამიანმა შეიძლება ყველაფერი არასწორად მოყვეს, მაგრამ ექიმის ყურადღება მისთვის იმის ნიშანია, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

მეორე განცდა ზრუნვაა. პაციენტმა უნდა დაინახოს, რომ ექიმი მისი პრობლემის მოგვარებას ნამდვილად ცდილობს. მკურნალობა შესაძლოა სასურველი შედეგით ვერ დასრულდეს, მაგრამ თუ ადამიანმა დაინახა, რომ ექიმმა ყველაფერი გააკეთა და მის მდგომარეობას გულგრილად არ მოჰკიდებია, ბრაზი და მტრობა მნიშვნელოვნად მცირდება.

რა თქმა უნდა, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ყველა პაციენტი სამართლიანად შეაფასებს სიტუაციას, თუმცა აღიარებისა და ზრუნვის განცდა კონფლიქტის რისკს საგრძნობლად ამცირებს.

– პაციენტთან თვალით კონტაქტს, ჟესტებსა და სხვა არავერბალურ ნიშნებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?

– უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არავერბალური ნიშანი ჯერ შინაარსად ითარგმნება და შემდეგ იწვევს ემოციურ რეაქციას. თუ ექიმი კომპიუტერს უყურებს, საათზე იხედება, კარისკენ იყურება ან სახეზე აწერია, რომ პაციენტის წასვლას ელოდება, პაციენტი ამას კონკრეტულ შინაარსს ანიჭებს: „ჩემი მოსმენა არ უნდა“, „ჩემი პრობლემა არ აინტერესებს“, „აქ ზედმეტი ვარ“.

კომუნიკაცია მხოლოდ ის არ არის, რას ეუბნები ადამიანს. მნიშვნელოვანია, სად იყურები, როგორ ზიხარ, რას აკეთებ მისი საუბრის დროს და რამდენად სრულად ხარ მასთან.

ჯანმრთელობა ინტიმური თემაა. ადამიანი ექიმთან ხშირად ისეთ საკითხებზე საუბრობს, რასაც სხვას ვერ ეუბნება. თუ კაბინეტში ადამიანები თავისუფლად შედიან და გადიან, ექიმი სხვა საქმეზე გადაერთვება ან ტელეფონს პასუხობს, პაციენტი თავს დაცულად ვერ იგრძნობს.

თუ ექიმი მნიშვნელოვან ზარს ელოდება, შეუძლია წინასწარ გააფრთხილოს პაციენტი, ნებართვა სთხოვოს და შემდეგ ბოდიში მოუხადოს. ეს უბრალო ეტიკეტი კი არა, პატივისცემის გამოხატულებაა.

– რატომ მიდიან ქართველი პაციენტები თურქეთში მაშინაც, როდესაც საქართველოში იგივე მკურნალობა და მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ხელმისაწვდომია?

– ერთ-ერთი მიზეზი უცხოურისადმი არსებული განსაკუთრებული ნდობაა. ჩვენში ხშირად უცხო ავტომატურად უკეთესად აღიქმება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. პაციენტები თურქეთის კლინიკებიდან ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებაზე, ორგანიზებულ მომსახურებასა და დამოკიდებულებაზე საუბრობენ. შესაძლოა, საქართველოში და თურქეთში ერთი და იგივე დიაგნოზი დაისვას, ერთი და იგივე მედიკამენტი გამოიყენონ და ქართველ ექიმს არანაკლები ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ მომსახურების ფორმა განსხვავებული იყოს.

პაციენტი მხოლოდ სამედიცინო მანიპულაციაში არ იხდის ფულს. ის იხდის გარემოში, ყურადღებაში, ახსნაში, მხარდაჭერასა და განცდაში, რომ მთელი სისტემა მის გარშემო ორგანიზებულად მუშაობს.

საინტერესოა შემთხვევა, როდესაც თურქმა ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ თბილისში სწორად დაუსვეს დიაგნოზი და კარგ ექიმთან მკურნალობდა. პაციენტისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ დიაგნოზის დადასტურება, არამედ ისიც, რომ ერთმა ექიმმა მეორე ექიმის პროფესიონალიზმი აღიარა.

სამედიცინო დაწესებულების კულტურა ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ კარგი კომუნიკაცია საჭიროა, საკმარისი არ არის – უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ამ სტანდარტს რეალურ მომსახურებად აქცევს.

ფორმალურად ნასწავლი ფრაზები არ მუშაობს. თუ თანამშრომელი დაზეპირებულად ამბობს, რომ „კლინიკა წუხს შექმნილი დისკომფორტის გამო“, მაგრამ მის ხმასა და ქცევაში გულწრფელობა არ ჩანს, სიტყვა ემოციურ ძალას კარგავს.

– როგორ უნდა შეხვდეს ექიმი პაციენტს, რომელიც ინტერნეტში ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უკვე გაეცნო საკუთარ დიაგნოზს?

– გაღიზიანება არაფერს შეცვლის. ადამიანი მოემზადა, წაიკითხა და ინფორმაციის მიღება სცადა. ექიმს შეუძლია უთხრას: „კარგია, რომ გაეცანით საკითხს, მაგრამ ინტერნეტში მოცემული ინფორმაცია განზოგადებულია, თქვენ კი ინდივიდუალური შემთხვევა ხართ“. შემდეგ ექიმმა უნდა ახსნას, რომ გადაწყვეტილება პაციენტის პირადი მდგომარეობის, ანალიზების, გამოკვლევებისა და სხვა გარემოებების მიხედვით მიიღება.

თუ პაციენტი საინტერესო ინფორმაციას მოუყვება, ექიმმა შეიძლება ჰკითხოს, სად წაიკითხა. პროფესიონალს არ უნდა ეშინოდეს იმის თქმის, რომ რაღაც არ იცის ან დამატებით გადამოწმება სჭირდება. საკუთარი ცოდნის მიმართ თავდაჯერებულ ადამიანს არ უჭირს თავმდაბლობა.

ამავე დროს, პაციენტიც უნდა გააფრთხილონ, რომ ინტერნეტსა და ხელოვნურ ინტელექტში მიღებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი და მის კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებული არ არის. ზედმეტმა ინფორმირებულობამ შეიძლება თვითდიაგნოსტიკა, შფოთვა და სიმპტომებზე გადაჭარბებული ფიქრი გამოიწვიოს.

– როგორ უნდა უთხრას ექიმმა პაციენტს მძიმე დიაგნოზი?

– ასეთ საუბარს მომზადება სჭირდება. მძიმე ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო ადამიანს უყურადღებოდ, გზადაგზა ან დისტანციიდან ისე, რომ მისი რეაქციის დანახვისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა არ გქონდეს.

ექიმმა საუბარი უნდა ააწყოს თანმიმდევრულად: რა გამოკვლევები ჩატარდა, რა გაკეთდა, რას აჩვენებს შედეგები, რამდენად რთულია მდგომარეობა და რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ახლა. მნიშვნელოვანია, რომ რთულ სიტუაციაშიც დარჩეს მოქმედების გეგმა: „ეს გავაკეთეთ, ეს შედეგი მივიღეთ, ახლა მდგომარეობა რთულია და უნდა გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“.

ეს არ ნიშნავს ცრუ იმედის მიცემას. მიზანია, ადამიანი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულ სიცარიელეში არ დატოვო. პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მძიმე რეალობის მიუხედავად, ექიმი მასთან რჩება და შემდეგ ნაბიჯზე კვლავ ფიქრობს.

– რატომ ჰყავს ზოგჯერ მაღალი დონის პროფესიონალს უფრო ცოტა პაციენტი, ვიდრე მის ნაკლებად გამოცდილ, მაგრამ კომუნიკაბელურ კოლეგას?

– იმიტომ, რომ პაციენტს ექიმის ცოდნის სრულყოფილად შეფასება ხშირად არ შეუძლია. მას არ აქვს შესაბამისი სამედიცინო განათლება, რომ ზუსტად განსაზღვროს, რომელი ექიმი უფრო ძლიერია პროფესიულად.

ამიტომ არჩევანისას ის ეყრდნობა იმას, რასაც თავად გრძნობს: რამდენად დამაჯერებლად ესაუბრნენ, ყურადღებით მოუსმინეს თუ არა, იგრძნო თუ არა ადამიანური დამოკიდებულება და შეძლო თუ არა კითხვების დასმა. ეს არ ნიშნავს, რომ კარგი კომუნიკაცია პროფესიულ ცოდნას ჩაანაცვლებს. მაგრამ ცოდნა, რომლის პაციენტამდე მიტანაც ექიმს არ შეუძლია, ნდობის საფუძვლად ვერ იქცევა.

ძლიერი ექიმი უნდა იყოს არა მხოლოდ კარგი დიაგნოსტიკოსი და მკურნალი, არამედ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცოდნა პაციენტისთვის გასაგებ, დამაჯერებელ და ეთიკურ ურთიერთობად აქციოს.

– როგორ უნდა ამოიცნოს ექიმმა ემოციური გადაწვა?

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია სხვა ინტერესების დაკარგვა. ადამიანი სამსახურიდან ბრუნდება და არაფრის ძალა აღარ აქვს: ვეღარ მიდის სტუმრად, აღარ უნდა მეგობრებთან ურთიერთობა, აღარ აინტერესებს ის საქმიანობა, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა.

თუ ეს მდგომარეობა ხანგრძლივად გრძელდება, შეიძლება საქმე მხოლოდ ჩვეულებრივ დაღლილობასთან კი არა, ემოციურ გამოფიტვასთან გვქონდეს.

ექიმს საკუთარი მდგომარეობის შეფასება უნდა შეეძლოს. მან უნდა გაავლოს საზღვარი პროფესიულ მოვალეობასა და მუდმივ ხელმისაწვდომობას შორის. ექიმსაც სჭირდება დასვენება, პირადი სივრცე და დრო, როდესაც სხვის პრობლემებზე პასუხისმგებელი არ არის.

ადამიანები ზოგჯერ ექიმს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ურეკავენ და მხოლოდ საკუთარი საჭიროებიდან უყურებენ სიტუაციას. მათ ავიწყდებათ, რომ ექიმსაც აქვს ოჯახი, დასვენება და პირადი ცხოვრება.

გადაუდებელი დახმარებისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს. ყველა საკითხი არ მოითხოვს კონკრეტული ექიმის დაუყოვნებლივ, ნებისმიერ დროს ჩართვას.

– რას ურჩევდით თავად პაციენტებს?

– პირველ რიგში, გააცნობიერონ, რომ ექიმიც ადამიანია. მას შეიძლება ჰქონდეს დაღლილობა, პირადი ცხოვრება და დრო, როდესაც პაციენტს ვერ უპასუხებს.

პაციენტს აქვს ინფორმაციის მიღების, კითხვების დასმისა და მეორე აზრის მოსმენის უფლება, მაგრამ ეს უფლებები ურთიერთპატივისცემის პირობებში უნდა გამოიყენოს.

გაღიზიანება და შიში ბუნებრივია, თუმცა ექიმის შეურაცხყოფა და მასზე ემოციური თავდასხმა პრობლემას ვერ მოაგვარებს. პაციენტმა უნდა შეძლოს თავისი უკმაყოფილების კონკრეტულად გამოხატვა: რა ვერ გაიგო, რა არ აუხსნეს და რა დახმარებას ელოდება.

ამავდროულად, ექიმმაც უნდა იცოდეს, როგორ შეცვალოს კონფლიქტის გარემო. თუ ადამიანი დერეფანში ხმამაღლა ჩხუბობს, შეიძლება შესთავაზო, მშვიდ სივრცეში გადავიდეს და საუბარი იქ გაგრძელდეს. გარემოს შეცვლით ხშირად კონფლიქტის წინასწარ მომზადებული სცენარიც იცვლება.

პაციენტს მოსმენა და აღიარება სჭირდება. ზოგჯერ მხოლოდ ის, რომ უთხრა: „მესმის, რატომ ხართ გაბრაზებული, მოდი, ერთად განვიხილოთ, რა მოხდა“, დაძაბულობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

p.s.

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში ერთი უნივერსალური დამნაშავე და ერთი მუდმივი მსხვერპლი არ არსებობს. პაციენტი მოწყვლადია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემებისა და გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას. ექიმი კი მაღალი პასუხისმგებლობის, მძიმე სამუშაო რეჟიმის, საზოგადოების მოლოდინებისა და ემოციური წნეხის პირობებში მუშაობს.

თუმცა პროფესიული ურთიერთობის მართვის მეტი პასუხისმგებლობა ექიმსა და სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება. სწორედ მათ უნდა შექმნან გარემო, სადაც პაციენტი მიიღებს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას, არამედ გასაგებ ინფორმაციას, პატივისცემას, კონფიდენციალურობასა და მხარდაჭერას.

ამავე დროს, ექიმისგან ემპათიის მოთხოვნა არ უნდა ნიშნავდეს მისთვის პირადი საზღვრების წართმევას. ექიმიც საჭიროებს დაცვას, დასვენებასა და მხარდაჭერას – რადგან ემოციურად გამოფიტულ ადამიანს სხვაზე სრულყოფილად ზრუნვა გაუჭირდება.

თანამედროვე მედიცინაში აღარ არის საკმარისი მხოლოდ იმის ცოდნა, რა უნდა უმკურნალო. აუცილებელია იცოდე, როგორ ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მკურნალობ.

პაციენტს შეიძლება დროთა განმავლობაში დაავიწყდეს ზუსტად რა სიტყვები უთხრა ექიმმა, მაგრამ დიდხანს ემახსოვრება, იგრძნო თუ არა მისგან პატივისცემა, ყურადღება და გულწრფელი ზრუნვა!

მეგი საჯაია

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა