სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა!
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის — „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
სემინარს დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინფექციის კონტროლისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა ოთარ ჩოკოშვილმა, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები კი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფთიზიატრმა, პულმონოლოგმა ნინო ძიძიკაშვილმა განიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიასა და ამოცანებზე „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ დირექტორმა, კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტმა მეგი საჯაიამ ისაუბრა.
პროექტი, რომელიც აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებას, მცდარი შეხედულებების მსხვრევასა და დაავადებათა დროული გამოვლენის ხელშეწყობას.






















