1 დეკემბერი — შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე! 🎗
2025 წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,, მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.
მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ბატონი თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა ლომინაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა – სილვიუ დომენტემ,
თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ
ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა. ქვეყანაში უზრუნველყოფილია აივ/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სერვისი, რაც სრულიად უფასო და კონფიდენციალურია.
დარგის ექსპერტებმა ვრცლად ისაუბრეს არსებულ ვითარებაზე: ირმა ხონელიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიმოიხილა აივ/შიდსის გლობალური ტენდენციები. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში – აკაკი აბუთიძემ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გამოწვევებზე წარმოადგინა მოხსენება.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თენგიზ ცერცვაძის სახელობის ჯილდო გადასცა: ექიმ-ინფექციონისტს ცისანა შარტავას და შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის გამგეს – მანანა ღვაბერიძეს.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისა და ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით.
კონფერენცია ჩატარდა შიდსისა და ტუბერკულოზის საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში “შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის” მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), სამედიცინო დაწესებულებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.




































