კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით სემინარი ჩატარდა.
ღონისძიება აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.
სემინარს უძღვებოდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე, რომელმაც მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.
კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ დირექტორი და კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი მეგი საჯაია ესაუბრა.
კამპანია ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება, მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევებზე მიმართვიანობის ზრდა და სტიგმის შემცირება.

















