ფედერაციის წევრობის წესები და პირობები

ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ აერთიანებს ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე, სამედიცინო ეთიკისა და პაციენტის უფლებების დაცვაზე.

წევრობის უპირატესობები

პროფესიული განათლება

  • წელიწადში 2 ან მეტი უფასო ვებინარი აქტუალურ თემებზე (სამედიცინო სამართალი, პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები, სტრესის მართვა, ინფექციის კონტროლი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში და სხვა).

  • 50%-იანი ფასდაკლება ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აკრედიტებულ ტრენინგებსა და კონგრესებზე.

 

პროფესიული მხარდაჭერა

  • უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.

  • უფასო საინფორმაციო მხარდაჭერა ფედერაციის პლატფორმებსა და პროფესიულ ჯგუფებში.

  • 50%-იანი ფასდაკლება პარტნიორ პლატფორმებსა და ჯგუფებში.

  • ფედერაციის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა თემატური მიმართულებების მიხედვით.

 

პროფესიული პოპულარიზაცია და აღიარება

  • წევრი ექიმების პროფესიული პოპულარიზაცია ფედერაციის საინფორმაციო არხებში.

  • ექიმების პროფესიული გამოცდილებისა და საქმიანობის წარდგენა ინტერვიუების, სტატიებისა და ექსპერტული კომენტარების ფორმატში.

  • ფედერაციის მიერ წევრი ექიმების პერიოდული დაჯილდოება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

    • მუდმივი პროფესიული განათლება;

    • პაციენტის უფლებების დაცვა;

    • სამედიცინო ეთიკის მაღალი სტანდარტები;

    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებაში შეტანილი წვლილი.

 

პაციენტების უკუკავშირი

  • ფედერაცია პერიოდულად გამოაქვეყნებს პაციენტების მადლიერების წერილებსა და პოზიტიურ შეფასებებს წევრი ექიმების პროფესიონალიზმისა და პაციენტზე ზრუნვის შესახებ.

 

ფედერაციის ეთიკის კოდექსი ექიმებისთვის

1. ზოგადი პრინციპები – ფედერაციის წევრი ექიმი ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკის, ადამიანის ღირსებისა და პაციენტის უფლებების დაცვის პრინციპებით. იგი ვალდებულია, იმოქმედოს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და დაიცვას სამედიცინო პროფესიის მაღალი სტანდარტები.

2. პაციენტის უფლებები – ფედერაციის წევრი ექიმი ვალდებულია:

  • პატივი სცეს პაციენტის ღირსებასა და კონფიდენციალურობის უფლებას;

  • მიაწოდოს პაციენტს სრულყოფილი და გასაგები ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

  • უზრუნველყოს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევამდე;

  • არ დაუშვას დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის, რელიგიის ან სხვა ნიშნით.

3. პროფესიული პასუხისმგებლობა – ფედერაციის წევრი ექიმი:

  • მოქმედებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით;

  • მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე;

  • მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;

  • არ ავრცელებს მცდარ ან დაუდასტურებელ სამედიცინო ინფორმაციას.

4. პროფესიული ურთიერთობები – ფედერაციის წევრი ექიმი:

  • პატივს სცემს კოლეგებსა და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებს;

  • ხელს უწყობს თანამშრომლობასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას;

  • არ ეწევა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.

5. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა – ფედერაციის წევრი ექიმი:

  • ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;

  • მონაწილეობს საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და პრევენციულ პროგრამებში;

  • იცავს ფედერაციის რეპუტაციას.

6. ეთიკის კოდექსის დარღვევა – ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, ფედერაცია უფლებამოსილია:

  • წევრს მისცეს გაფრთხილება;

  • დროებით შეაჩეროს მისი წევრობა;

  • მძიმე დარღვევის შემთხვევაში, გააუქმოს წევრობა.

 

წევრობის კრიტერიუმები და პირობები

ვინ შეიძლება გახდეს წევრი?

ფედერაციის წევრი შეიძლება გახდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება;

  2. ფლობს მოქმედ სამედიცინო ლიცენზიას (საჭიროების შემთხვევაში);

  3. იზიარებს ფედერაციის მიზნებსა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებს;

  4. მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში;

  5. სრულად ფარავს წევრობის საფასურს.

შენიშვნა: წევრობის განაცხადს განიხილავს ფედერაციის შესაბამისი მმართველი ორგანო (საბჭო).

 

წევრობის შეჩერება

წევრობა შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • წევრობის საფასურის გადაუხდელობა;

  • ფედერაციის წესდებისა და ეთიკის ნორმების დარღვევა;

  • ფედერაციის სახელის არასწორი ან არაეთიკური გამოყენება;

  • წევრის პირადი განცხადება წევრობის დროებითი შეჩერების შესახებ.

 

წევრობის გაუქმება

წევრობა შეიძლება გაუქმდეს, თუ დაფიქსირდა:

  • პროფესიული ეთიკის განმეორებითი ან მძიმე დარღვევა;

  • ფედერაციის საქმიანობისთვის ზიანის მიყენება;

  • წევრობის საფასურის ხანგრძლივი გადაუხდელობა;

  • წევრობის განაცხადში ყალბი ინფორმაციის წარმოდგენა;

  • წევრის წერილობითი მოთხოვნა წევრობის შეწყვეტის შესახებ.

(გადაწყვეტილებას წევრობის გაუქმების შესახებ იღებს ფედერაციის მმართველი ორგანო).

 

წევრობის საფასური და რეკვიზიტები

  • წლიური საფასური (ერთიანი გადახდის შემთხვევაში): 299 ლარი

  • საფასური (6 თვეში ერთხელ გადახდის შემთხვევაში): 199 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

  • მიმღები: ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“

  • საიდენტიფიკაციო კოდი: 405389075

  • მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი

  • ბანკის კოდი: BAGAGE22

  • ანგარიშის ნომერი: GE50BG0000000346002402GE