31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
„უსაფრთხო სისხლის შესახებ კანონს, რომელიც შარშან მივიღეთ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კანონი ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების ახალი, გამჭვირვალე, არაკომერციული, უანგარობის პრინციპზე დამყარებული ცენტრალიზებული სისტემის შექმნას და იგი შემუშავდა ჩვენი კანონების ევროკავშირის კანონებთან სრული ჰარმონიზაციის მიზნით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში ჩვენ გვექნება უსაფრთხო სისხლი, უანგარო დონაცია, რაც არაერთი და ორი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.
მართალია, ამ მიმართულებით სახელმწიფოში გამოწვევები კვლავაც არსებობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ სისხლის ჩაბარებით არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. ასევე მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია უანგარობის პრინციპი. გავიღოთ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახიძემ და ჰემატოლოგ-ტარანსფუზიოლოგმა მაია ბეროძემ, რომლებმაც სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის და ქვეყნის უსაფრთხო სისხლით მომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, მთელი წელი დატვირთული იყო მოსამზადებელი სამუშაოებით იმისათვის, რომ ქვეყანა ახალი მოდელის ამოქმედებას, რაც უკვე 2025 წლიდან არის დაგეგმილი, მომზადებული შეხვდეს.
მისი ინფორმაციით, ახლა აქტიურად მუშაობენ კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებმაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს დასავლური, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული ახალი სისტემის შექმნას, სადაც სახელმწიფოს ექნება წამყვანი როლი – ახალი კანონის თანახმად, ცენტრალური სისხლის ბანკი უნდა ოპერირებდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ის არ უნდა იყოს მომგებიანი დაწესებულება და უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის მომარაგებას სისხლით და სისხლის პროდუქტებით. ღონისძიების პარალელურად, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებმა – პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.