29 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის
განყოფილების უფროსი ეკა ქორჩაშვილი, პაციენტთა სათემო ორგანიზაციის “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” ხელმძღვანელი თინა ბერუჩაშვილი, “ბერი ანდრიას ფონდის” წარმომადგენელი მარინე გიორგობიანი, “ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ ძამუკაშვილი და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელი მეგი საჯაია.
დილის 11 საათიდან, საქართველოს კლინიკების ხაშურის ჰოსპიტალში, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს ატარებდა.
შეხვედრისა და აქციის პარალელურად ხაშურის ქუჩებში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს ხაშურის ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეებმა.
საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ხაშურში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ხაშურის ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.











