8 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამოწვევა მიიღო და სისხლის უანგარო დონაციის აქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებითა და სისხლის ბანკის ჩართულობით ჩაატარა.
ეროვნული კამპანიის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საინფორმაციო შეხვედრები და სისხლის უანგარო დონაციის აქციები კერძო და საჯარო სექტორთან, მსხვილ დამსაქმებლებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და უნივესიტეტების სტუდენტურ თვითმმართველობებთან აქტიურად მიმდინარეობს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობები კი ერთმანეთს კამპანიაში ჩართვისა და სისხლის უანგარო დონაციის აქციების ორგანიზებისაკენ მოუწოდებენ.
ეროვნული კამპანიის ფარგლებში სისხლის უანგარო დონაციის აქციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ხოლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და სამომავლოდ სისხლის უანგარო დონაციის აქციები დაგეგმეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის და ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობებმა.










