2 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დილის 11 საათიდან კი საქართველოს კლინიკების ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი სკრინინგულ კვლევებს აწარმოებდა.
ახმეტის მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით უფასოდ ესარგებლა.
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი თეონა თოდუა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ხელმძღვანელი მეგი საჯაია.
საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ახმეტაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით,
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ახმეტის ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.












